ავოკადოს სუპი

მხოლოდ ავოკადოზე შეყვარებულ ადამიანს შეუძლია წარმოიდგინოს ავოკადო  გუაკამოლეს,  სუშის,  სალათის დრესინგის,  ნაყინის,  smoothie-ს  და სუპის გარდა კიდევ ასორმოცდაათ კერძში. ასეთი ადამიანი ეჭიდება ხავსს, რომ ოდესმე, არაკომერციულ ავოკადოს გასინჯავს საქართველოში (რადგან კომერციული ავოკადო მოკრეფის შემდეგ მწიფდება) და რგავს ავოკადოს ხეს, რომელიც ნაყოფს 5-6, ზოგჯრ კი 10 წელიწადში ისხამს. ასეთი ადამიანი ვარ მე და წვიმებით გაბეზრებული, ბოლო ერთი კვირაა, მესამეჯერ ვაკეთებ ავოკადოს სუპს.

ავოკადოს მსხმოიარე ხე რომ მედგას ეზოში, ასე მგონია ბევრად უფრო ლაღი და უზრუნველი ადამიანი ვიქნებოდი 😀

012732

ავოკადოს სუპი უსწრაფესად მზადდება. ცივიც კარგია და ცხელიც. მსუბუქია და ცოტა ინგრედიენტი სჭირდება.

2 მწიფე ავოკადო

2 ჭიქა ბოსტნეულის ბულიონი (2 ჭიქა წყალი, 1/2 ხახვი, 1/2 სტაფილო, 1/2 ბულგარული, 1/2 კარტოფილი, 1 კბილი ნიორი, მარილი, წიწაკა )

1 კბილი ნიორი

ცოტა ქინძი

მარილი

შავი წიწაკა

2 სუფრის კოვზი cream cheese (თუმცა შეგიძლიათ გამოტოვოთ)

ბოსტნეული წყალთან ერთად 5-10 წუთი ადუღეთ და გადაწურეთ. სუპისთვის მხოლოდ ბულიონი დაგჭირდებათ. თუ ცივ სუპს ამზადებთ, მაშინ გაციებული, თუ არა და ცხელ-ცხელი. ბულიონი ბლენდერში ჩაასხით. დაამატეთ მარილი, წიწაკა, ნივრის კბილი, ქინძი და ავოკადო და  cream cheese. ბლენდერი 1-2 წუთით ჩართეთ და სუპი მზადაა!

მსუბუქი, მარტივი, გემრიელი და დაბალკალორიული

soup

დატოვე კომენტარი