თავმდაბალი ბარდის სუპი ტარხუნით და პიტნით <3

რა კარგი იქნებოდა გარეგნობა ყოველთვის რომ ზუსტად გადმოსცემდეს შინაგან სამყაროს. რამდენ ადამიანს აღმოვაჩენდით და რამდენს ალბათ ცივად ავუვლიდით გვერდს…   თქვენთვის ამ ბარდის სუპის  გაცნობისასაც არ დამჭირდებოდა გრძელი შესავალი.

საბჭოთა და საზარელი სუპებით სავსე ჩემს ბავშვობაში, ბარდის სუპის გასინჯვა აზრადაც არ მომივიდოდა. საერთოდ, ბარდის გამოყენება მარტო სალათ “ოლივიეში” და შრომის გაკვეთილზე წარმომედგინა, როცა ფერადი ბურთებით, პასტელინგადაკრულ დაფაზე, სხვადასხვა კომპოზიციებს ვაწყობდით. მოგვიანებით, საკმაოდ გამაოცა ინგლისელების სათუთმა გრძნობებმა ბარდის მიმართ, იმის გათვალისწინებით, რომ მათი საყვარელი “მაში ფიზ” (mushy peas) სწორედ ასე გამოიყურებოდა.

mu

კარაქით, პიტნით ან სალბით შეზავებული ეს პიურე, ბევრი კერძის აკომპანემენტია. აქვე მინდა დაგარწმუნოთ, რომ მითი ინგლისური უგემური სამზარეულოს შესახებ, მართლაც მითია, რაშიც ამ მოკრძალებული პიურეს გულშემატკივრებიც დამეთანხმებიან.

მოკლედ გავუსინჯე რა გემო “მაში ფიზს”, გონს მოვეგე და ყველა პარკოსნის მიმართ მოწიწებით განვეწყვე. დღევანდელი ჩემი ინსპირაციაც ბარდის პიურეა. მშრომელი და პატიოსანი ხალხის საჭმელი 🙂

ბარდის სუპისთვის დაგჭირდებათ:

1 ჭიქა ყვითელი ან მწვანე ბარდა

3 ლიტრი წყალი (დამატებაც მოგიწევთ როცა ჩაშრება)

1 სტაფილო

6-7 პიტნის ფურცელი

½ კონა ტარხუნა

½ ხახვი

2 კბილი ნიორი

მარილი

თეთრი ბალზამიკო

შავი წიწაკა

50 გრ კარაქი

მოხარშეთ ბარდა 2-3 საათის განმავლობაში. თადარიგიანი ხალხი წინა ღამით ალბობს მარცვლებს წყალში. მე კი თავს იმით ვიმართლებ, რომ მოულოდნელობებით სავსე ცხოვრება  უფრო მომწონს, იმიტომ რომ ვერასოდეს, ვერასოდეს დავალბე ბარდა წინა ღამით!  არადა ასეთი წინდახედულობის წყალობით, ბარდის ხარშვის დრო თითქმის ნახევრდება.

ბარდის მოხარშვის შემდეგ, სუპი 10 წუთში მზადაა.

ხახვი, ნიორი და სტაფილო მოშუშეთ ტაფაზე კარაქთან ერთად. რასაკვირველია მცენარეული ზეთის გამოყენებაც შეიძლება, უბრალოდ ბარდას და კარაქს განსაკუთრებული ჰარმონია აქვთ. არც მე ვიცოდი, ვიდრე ბარდის პიურეს გავსინჯავდი.

სუპისთვის საჭირო კონდიციამდე მისული ბარდა თითქმის ჩაშლილია. ასე რომ, ხელის ბლენდერით ორი, სამი ბჟჟჟ … და საკმარისია.

ხახვი, ნიორი და სტაფილო ბარდიან ქვაბში ჩაუშვით და დააბლენდერეთ.  დაჭრილი ტარხუნა, პიტნა, შავი წიწაკა და 1 სუფრის კოვზი თეთრი ბალზამიკოც არ დაგავიწყდეთ.

წამოადუღეთ და მიირთვით ცხელი ❤

სუპ

რომ იცოდეთ როგორი კეთილი და თავმდაბალი სუპია ეს <3. ნოყიერი, თანაც მსუბუქი. ტარხუნის და პიტნის არომატს გაზაფხულის სიცელქე მოაქვს, ბარდის გემოს კი მართლაც აკეთილშობილებს კარაქი.

 

ბრაუმანჟე

ჩემი ჯადოსნური დიეტა დესერტებს არ კრძალავს! ყოველ მეოთხე დღეს შემიძლია სინდისის ქენჯნის გარეშე მივირთვა  ჩემი გამომცხვარი ღუნღულა ბლინები ნუთელას სოუსით, კარამელის და ნუშის ნაყინი ლუკა პოლარეში, ან სულაც რამე ახალი მოვიგონო. მაგალითად ბრაუმანჟე…

ბრაუმანჟე ბრაუნის და ბლომანჟეს ტანდემია ცოცხალი ჟოლოთი და მაყვლით. შოკოლადის ბისკვიტს ნაზად ეხამება არაჟნის მომჟავო გემო და ხილის ცინცხალი არომატი.

ეს არის ბავშვობის ტკბილ ზაფხულებს  დამატებული პირველი სიყვარული,  გამრავლებული დამქანცველი,  ცივი ზამთრის თბილ ქვეყნებში, ეგზოტიკური შვებულებით დაგვირგვინებაზე  ❤ 😀

ბრაუ (2)

მოკლედ მენდეთ და მოიმარაგეთ:

ბრაუნისთვის

2 კვერცხი

200 გრ კარაქი

200 გრ შოკოლადი

3/4 ჭიქა შაქარი

ვანილი

60 გრ ფქვილი

1 სუფრის კოვზი მაწონი (საიდუმლო ინგრედიენტი)

1 ჩაის კოვზი სოდა

ბლომანჟესთვის

2 ქილა არაჟანი

1 ჭიქა შაქარი

ვანილი

4 კვერცხის გული

100 მლ  ცივ წყალში გახსნილი 4 ფირფიტა ჟელატინი

სიყვარულისთვის და სიხარულისთვის

ნებისმიერი კენკრა

ცხობის პროცესი

ბრაუნის გამოსაცხობად გავალღვოთ შოკოლადი და კარაქი და შევურიოთ დანარჩენი ინგრედიენტები. ცხელ ღუმელში ბრაუნი დაახლოებით 15 წუთის განმავლობაშ გამოვაცხოთ, 150 გრადუსზე.

რასაკვირველია, 15 წუთი გამოსაცხობად საკმარისი არ არის. მაგრამ ჩვენი ამოცანაა ნამცხვრის გული ნოტიო და შოკოლადის კრემისებური იყოს და გამოცხობა ვერ მოასწროს ❤

გაგრილებული ბისკვიტზე უხვად მიმოვაბნიოთ  ხილი ❤

ხილი (2)

ამასობაში ავთქვიფოთ კვერცხის გულები, შაქარი, ვანილი, არაჟანი და დავამატოთ გამლღვალი ჟელატინი. ჟელატინის მოშიშთა საყურადღებოდ ვიტყვი, რომ უმარტივესი პროცედურაა წყალში გამლღვალი ჟელატინის ფურცლების თუ ფხვნილის ცეცხლზე გადნობა. მთავარია არ ადუღდეს.

ცხელ მასას არაჟნის კრემს ვამატებთ, ვურევთ, ვასხამთ ბრაუნის და მაცივარში ვათავსებთ

როგორც წესი, 2 -3 საათში ბლომანჟე სასურველ სიმყარეს იძენს და მზადაა მოგგვაროთ სიხარული და მოგამზადოთ კომპლიმენტების ნიაღვართან გასამკლავებლად.

არ მჯერა რომ არსებობს ადამიანი, ვინც წინ აღუდგება ბრაუმანჟეს! ❤ 😀

braumange (2)

წაბლის სუპი <3

არაფერ შუაშია სუპის ან წაბლის გარდარეული სიყვარული… როგორია იცით, რომ გასინჯავთ, აღმოგხდებათ – მმმმ, აქამდე სად ვიყავი!..

თუ რა საკვირველია წაბლის გარჩევას გადაურჩით 😀

მარტივი და გენიალური შემოდგომის სუპი. გენიალური იმიტომ, რომ ყოველდღიური გემოების კომბინაცია ქმნის საოცარ ბუკეტს და მარტივი იმიტომ, რომ წაბლის გარჩევის შრომატევად ეტაპს თუ გამოვტოვებთ, სულ 15 წუთი სჭირდება მოსამზადებლად.

წაბლის სუპისთვის დაგჭირდებათ:

1 კგ მოხარშული წაბლი

30 გრამი კარაქი

1 თავი ხახვი

1 კბილი ნიორი

1 პატარა სტაფილო

ცოტა ოხრახუში

100 მლ ნაღები

100 მლ ბრენდი ან კონიაკი

შავი წიწაკა

მარილი

წყალი

მოხარშული წაბლი შუაზე გაჭერით და გულები კოვზით გამოიღეთ. ხახვი, ნიორი და სტაფილო კარაქში მოშუშეთ. ამ ეტაპზე შეგიძლიათ კონიაკის დამატებაც, თუმცა მე ამჯერად მის გარეშე გავედი ფონს და საკმაო წარმატებით. დაამატეთ ოხრახუში და გარჩეული წაბლი, დაახლოებით 700-800 მლ წყალი და ადუღეთ  მაღალ ცეცხლზე 5 წუთი.

გადაიტანეთ სუპი ბლენდერში და 1 – 2 წუთის განმავლობაში დააბლენდერეთ.

დააბრუნეთ ქვაბში, დაამატეთ მარილი, შავი წიწაკა და ნაღები. კიდევ ერთხელ წამოადუღეთ.

ეს ნაზი და ხავერდოვანი სუპი გულს მოულბობს ყველაზე გულქვა ადამიანსაც კი … თუმცა, რად გინდათ ავი და გულქვა, მოუმზადეთ ის საყვარელ ადამიანებს 😀 ❤

წაბლის სუპი

ბრაუნითერაპია

ბრაუნითერაპია ლათინური სიტყვაა და სტრესის შოკოლადიანი ნამცხვრით მკურნალობას ნიშნავს. ჯერ კიდევ ჩვენ წელთ აღრიცხვამდე 254 წელს, პლატონი, თავის მეგობართან მიწერილ წერილში აღნიშნავდა, რომ ბრაუნითერაპიის გარეშე წარმოუდგენელი იყო მისი 130 დან მინიმუმ 129 პიესის შექმნა.

Capture (2)Capture (2)Capture (2)

ვისაც ზღაპრების არ გჯერათ, ის მაინც დაიჯერეთ, რომ ახალი ჟოლო, თეთრი შოკოლადი და ნაყინი, ბრაუნის – შოკოლადით მდიდარი, ზოგჯერ სულაც უფქვილო და უსაფუარო ნამცხვრის, საუკეთესო მეგობარია.

ან სულაც, წარმოიდგინეთ მსუბუქად გაბრაზებული და დაღლილი თქვენი თავი და შვება, რომელიც შეუძლია მოგგვაროთ შოკოლადის მძიმე და ნოტიო ნამცხვრის თბილმა ნაჭერმა, ჟოლოს და თეთრი შოკოლადის ნატეხებითა და ნაყინის ქუდით. მგონი დაღლილმა არქიმედემ აბაზანაში  კი არა, ბრაუნით ხელში შესძახა – ევრიკა!

Captureგგ

ბრაუნისთვის დაგჭირდებათ:

4 კვერცხი და 2 კვერცხის გული

200 გრამი კარაქი

1/2 ჭიქა შაქარი

მწიკვი მარილი

1 ჩაის კოვზი ნატურალური ვანილის ექსტრაქტი

2 ფილა შავი შოკოლადი (მინ 75% კაკაოს შემცველობით)

1 სუფრის კოვზი ესპრესოს ფხვნილი ან ხსნადი ყავა

1 ჭიქა ფქვილი

300 გრ ჟოლო

1 ფილა თეთრი შოკოლადი

ღუმელი 250 გრადუსზე გაახურეთ. კარაქი და შოკოლადი გაადნეთ და შეათქვიფეთ შაქარი, მარილი, კვერცხი, ვანილი, ყავა და ფქვილი. დიდხანს თქვეფა საჭირო არ არის. ცომი გადაიტანეთ ყალიბში და დაამატეთ ჟოლო და თეთრი შოკოლადის ნატეხები. გამოაცხვეთ 10 -15 წუთის განმავლობაში 200 გრადუსზე. ოდნავ გააგრილეთ და ყალიბიდან ფრთხილად ამოიღეთ. დაჭერით და ნაყინის ბურთით დააგვირგვინეთ!

New Image

ჯადოსნური კარამელის ნაყინი

ნაყინისთვის ინსპირაციას ვეძებდი და National Geographic – ის სტატიას წავაწყდი მსოფლიოს საუკეთესო ნაყინებზე. ვისაც სტანდარტული ვანილის, მარწყვის და შოკოლადის ნაყინი მოგბეზრებიათ, ბუენოს-აირესში შეგიძლიათ ლიმნის და შამპანურის ნაყინით დატკბეთ, იამაიკაზე ლუდის, ტოკიოში კი გველთევზას ნაყინი გასინჯოთო.

სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ვეძებ კარგ სანაყინეს. ვსინჯავ ადგილობრივი პოპულარული გემოების კომბინაციას და მოგვიანებით, როცა ნოსტალგია შემომაწვება, მოგზაურობისას გასინჯული გემოს იმიტაციას ვცდილობ.  ბოლოს ბანკოკში აი ამ საოცრებას წავაწყდი.

20150223_181650საზამთრო და კივი, მაჩას ჩაი, მარწყვი და მანგო, თეთრი შოკოლადი და მოცვი. ტაილანდში ნაყინი ზომიერად ტკბილი მაგრამ საკმაოდ მსუყეა. აქ რძის პროდუქტებს მარტო მომავალი თაობა აღიარებს, სამაგიეროდ ქოქოსის ნაღები უხვად გამოიყენება. ერთი სული მაქვს როდის შემოვა საზამთრო, რომ ტაი არომატებით ინსპირირებული საზამთროს და ნესვის ნაყინი გავაკეთო.

20150223_181450_3უნდა ვაღიარო, რომ ერთ ერთი ყველაზე ჯადოსნური ნაყინი, რაც კი ოდესმე გამისინჯავს ფიჭის ნაყინია. ფიჭამ არ შეგაშინოთ, ამ ნაყინში ნამდვილი ფიჭა კი არ გამოიყენება, არამედ ერთგვარი კარამელი, რომელიც ძალიან მარტივად, სულ რამოდენიმე წუთში მზადდება. ბრიტანეთის ერთ ერთი საყვარელი ნაყინი,  Honeycomb Ice-cream, ჩემს სტუდენტურ სტრესებთან გამკლავების ერთ ერთი საყვარელი მიზეზი იყო და ზუსტად ვიცი, ძალიან მოგეწონებათ!

ჯადოსნური კარამელის ნაყინისთვის დაგჭირდებათ:

1ჭიქა შაქარი

2 სუფრის კოვზი თაფლი

მწიკვი მარილი (არ დაიშუროთ)

1/2 კოვზი ყავა

1/2 კოვზი სოდა

1 კოვზი ნატურალური ვანილის ექსტრაქტი ან მწიკვი ვანილინი (არ მინდა ხელოვნური ვანილის გამოყენებისკენ გიბიძგოთ, თუმცა სხვა გზა არ მაქვს, რადგან მეშინია ნატურალური ვანილის უქონლობამ, ამ საოცარი დესერტის გაკეთება გადაგაფიქრებინოთ :)))

1 ლიტრი ნაღები (მინ. 33% ცხიმის შემცველობით)

1/2 ქილა შესქელებული რძე

რადგან ბევრი ინგრედიენტი საქართველოში ჯერაც მიუწვდომელია, ამიტომ იმპროვიზაციას მივმართე და გოლდენ სიროფი თაფლით ჩავანაცვლე. ასევე, გადავწყვიტე კარამელში ცოტაოდენი ყავის დამატება და სხვათაშორის ძალიან კარგადაც მოვიქეცი! 😀

შაქარი, ყავა და თაფლი ქვაბში მოვათავსე, კარგად ავურიე და საშუალო ცეცხლზე შემოვდგი. ზოგ რეცეპტში კატეგორიულად აკრძალულია მორევა, თუმცა მე, როგორც წესების დარღვევის მოყვარულმა, ხშირად გამოვიყენე ჩემი ხის კოვზი და ამით არაფერი დაშავებულა.

დაახლოებით 5 წუთში შაქარი გალღვა და კარამელმა მუქი ფერი მიიღო (ნაწილობრივ ყავის გამოც). მასას მარილი, ვანილი და 1/2 კოვზი საჭმელი სოდა დავამატე და მოვურიე. კარამელი წამებში აფუვდა. ქვაბი გადმოვდგი და სწრაფად გადავიტანე ცხელი მასა საცხობ ქაღალდზე. დაახლოებით 1 საათში გაციებული მასა დავტეხე და კონტეინერში გადავიტანე

New Imageკარამელის მომზადება ერთი დღით ადრეც შეგიძლიათ, თუმცა მისი შენახვა მაცივარში არ შეიძლება. არ ვიცი გოლდენ სიროფის თაფლით ჩანაცვლების, თუ  სოდის შემცირებული დოზის გამო, კარამელი ისე არ გაფუვდა როგორც BBC -ს რეცეპტშია ნაჩვენები, თუმცა გემო არაჩვეულებრივი ჰქონდა და ნაყინში თავისი ფუნქცია 10 იანზე შეასრულა. საქმე იმაშია, რომ მოგვიანებით, ნაყინში, დამსხვეული კარამელი ისედაც დნება და გადაიქცევა უსასრულოდ გემრიელ მასად, რომელიც ჯადოსნურად ეხამება ნაღების ნაყინს.

აქვე ნაღების ნაყინის უმარტივეს რეცეპტსაც გაგაცნობთ. 1 ლიტრი ცივი ნაღები ათქვიფეთ და ნაღების ღრუბლების ქაფს ფრთხილად შეურიეთ 1/2 ქილა შესქელებული რძე და ვანილი. სულ ეს არის. ეს ნაყინი მსუყე და გემრიელია. არ საჭიროებს აპარატს, არ იკეთებს ყინულის კრისტალებს, მოკლედ ბავშვობის ნაყინის გემო აქვს.

ნაყინის მასა ჯამში გადავიტანე, კარამელი დავტეხე და დაფხვენი. მსუბუქად ავურიეთ კოვზით და საყინულეში  დაახლოებით 4-5 საათით შევდგი. აი ასეთი გამოვიდა ❤

ნაყინიმართლაც ჯადოსნური ნაყინია. კარამელის სიტკბოს ნაზად ანეიტრალებს მარილი. ყავის და თაფლის არომატიც იდეალურად ეხამება ერთმანეთს და ნაღების ნაყინს. სიყვარული პირველივე კოვზიდან გარდაუვალია….

ცაც1

ავოკადოს სუპი

მხოლოდ ავოკადოზე შეყვარებულ ადამიანს შეუძლია წარმოიდგინოს ავოკადო  გუაკამოლეს,  სუშის,  სალათის დრესინგის,  ნაყინის,  smoothie-ს  და სუპის გარდა კიდევ ასორმოცდაათ კერძში. ასეთი ადამიანი ეჭიდება ხავსს, რომ ოდესმე, არაკომერციულ ავოკადოს გასინჯავს საქართველოში (რადგან კომერციული ავოკადო მოკრეფის შემდეგ მწიფდება) და რგავს ავოკადოს ხეს, რომელიც ნაყოფს 5-6, ზოგჯრ კი 10 წელიწადში ისხამს. ასეთი ადამიანი ვარ მე და წვიმებით გაბეზრებული, ბოლო ერთი კვირაა, მესამეჯერ ვაკეთებ ავოკადოს სუპს.

ავოკადოს მსხმოიარე ხე რომ მედგას ეზოში, ასე მგონია ბევრად უფრო ლაღი და უზრუნველი ადამიანი ვიქნებოდი 😀

012732

ავოკადოს სუპი უსწრაფესად მზადდება. ცივიც კარგია და ცხელიც. მსუბუქია და ცოტა ინგრედიენტი სჭირდება.

2 მწიფე ავოკადო

2 ჭიქა ბოსტნეულის ბულიონი (2 ჭიქა წყალი, 1/2 ხახვი, 1/2 სტაფილო, 1/2 ბულგარული, 1/2 კარტოფილი, 1 კბილი ნიორი, მარილი, წიწაკა )

1 კბილი ნიორი

ცოტა ქინძი

მარილი

შავი წიწაკა

2 სუფრის კოვზი cream cheese (თუმცა შეგიძლიათ გამოტოვოთ)

ბოსტნეული წყალთან ერთად 5-10 წუთი ადუღეთ და გადაწურეთ. სუპისთვის მხოლოდ ბულიონი დაგჭირდებათ. თუ ცივ სუპს ამზადებთ, მაშინ გაციებული, თუ არა და ცხელ-ცხელი. ბულიონი ბლენდერში ჩაასხით. დაამატეთ მარილი, წიწაკა, ნივრის კბილი, ქინძი და ავოკადო და  cream cheese. ბლენდერი 1-2 წუთით ჩართეთ და სუპი მზადაა!

მსუბუქი, მარტივი, გემრიელი და დაბალკალორიული

soup

გაზაფხულის გამომწვევი ნამცხვარი

რა შეიძლება გააკეთო აპრილის სუსხიან საღამოს?!  თებერვალში, გასახსნელად გამზადებული, ზაფხულის ტანსაცმელებიანი ჩემოდანი მოწყენილი დევს. დიეტას ვერ ვიწყებ, იმიტომ რომ არ მჯერა, რომ ახლოა ივნისი. მეგობრები თოვლიან ფოტოებს აზიარებენ.

19207_944005122287578_5641703505754766875_n

ვთვალიერებ შვებულების ფოტოებს. ვსვამ ყავას. ვათვალიერებ ფოტოებს. ვჭამ შოკოლადს. ვათვალიერებ ფოტოებს.

10988557_10155258382970066_8485487368588984240_o ფანქრის ტესტი გაგიგიათ?  დიდი ხანია ცნობილია, რომ დადებითი ემოციების დროს, ადამიანის ორგანიზმში, ენდორფინები – ბედნიერების ჰორმონები გამოიყოფა.  ადამიანი ბედნიერია – იღიმის, იღიმის – ბედნიერია, თუ  იღიმის, ესე იგი ბედნიერია? ამის გასარკვევად ადამიანების დიდ ჯგუფს დაავალეს დღეში რამოდენიმე საათი ღიმილით ეკეთებინათ თავიანთი საქმე. როგორც ჩანს, დაჟინებით ღიმილი  განსაკუთრებით რთულია, ამიტომ, მონაწილეებს სთხოვეს, რომ პირში ფანქარი გაეჩხირათ, რაც ავტომატურად ღიმილის მიმიკას გამოიწვევდა.  პირში ფანქარ-გაჩხერილი ადამიანების ორგანიზმში  ენდორფინების დონემ მნიშვნელოვნად მოიმატა. ადამიანები თავს უკეთ გრძნობდნენ. ზოგიერთმა გადაწყვიტა, რომ ცხოვრების ბოლომდე, პირში-ფანქარ-გაჩხერილს ევლო.

მოკლედ, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ თურმე არამარტო ბედნიერება იწვევს ღიმილს, არამედ ღიმილიც იწვევს ბედნიერებას.

ნეტა მსხლის და მანგოს ნამცხვარი თუ გამოიწვევს გაზაფხულს?..

unnamed (2)

და ვაშლის, ბანანის და მაყვლის?..

 111

ეს მარტივი ნამცხვარი გაზაფხულის და ზაფხულის ჰიტია, თუმცა ზამთარშიც ვაკეთებ გაყინული ხილით, როცა მზის ნოსტალგია მაქვს. Up-side down cake – ასე ეძახიან  თავის სამშობლოში.

ნებისმიერი სეზონური ხილი, კარამელიზებული  ყავისფერი შაქრით და ცოტა ბურბონით, გამოცხობისას,  ჩვეულებრივი ბისკვიტის ქურქში  ეხვევა. ოღონდ ხილი ქვემოთ არის, ბისკვიტი კი ზემოთ. თბილ-თბილ ნაჭერთან, ვანილის ნაყინის ბურთი არის სრული ნეტარება!

unnamed

ნამცხვრისთვის დაგჭირდებათ:

ნებისმიერი ხილი ნებისმიერი კომბინაციით. ორი სამი დღის წინ მსხალი და მანგო გამოვიყენე, დღეს კი ვაშლი, ბანანი და ჟოლო.

1/2 ჭიქა შაქარი

ვანილის ჩხირი ან ნატურალური ვანილის ესენცია

50 გრ ბურბონი ან კონიაკი

50 გრ კარაქი

3 კვერცხი

3 სუფრის კოვზი შაქარი

მწიკვი მარილი

3 სუფრის კოვზი ფქვილი

ყალიბი

ხილი გათალეთ და დაჭერით. ღრმა ტაფა გაახურეთ და კარაქი გაალღვეთ. დაამატეთ ხილი და დაახურეთ თავზე. 2-3 წუთში ამოურიეთ. დააყარეთ შაქარი და ვანილი. 3-5 წუთში ხილი დარბილდება, შაქარი გალღვება და კარაქთან და ბურბონთან ერთად უგემრიელეს კარამელად გადაიქცევა.

კარამელიზებული ხილი გადაიტანეთ ნამცხვრის ყალიბში.

გათქვიფეთ ერთად კვერცხი, შაქარი და მარილი. დაამატეთ ფქვილი. ნაზად ამოურიეთ და დაასხით ხილს ყალიბში.

ღუმელი 150 გრადუსზე გაახურეთ და ნამცხვარი 30-35 წუთით აცხვეთ 200 გრადუსზე. დაბრაწული ბისკვიტი ნიშნავს რომ ნამცხვარი მზადაა.

გამოიღეთ ღუმელიდან ნამცხვარი და 5 წუთით დაასვენეთ. შემდეგ გადმოატრიალეთ, დაჭერით და ნაყინთან ერთად მიირთვით:)

unnamed (1)

შუ-ჩიზქეიქი მარაკუიას კრემით

აპრილი  კულინარიული ექსპრიმენტების თვეა. ვცდილობ რამე ახალი, გემრიელი და უცნაური გავაკეთო. იმიტომ, რომ აპრილში,  ყველაზე ლამაზი, კეთილი და გემრიელი გოგოს დაბადების დღეა! თანაც, აპრილში უფრო მიხარია, ვიდრე მარტში, იმიტომ რომ ვიცი, რომ უფრო მალე აყვავდება და გამწვანდება ყველაფერი და როგორც იქნა დადგება გაზაფხული!  ჯერ 5 აპრილია და აი უკვე გავაკეთე ლობიო ყავით (ამაზე ცოტა მოგვიანებით მოგიყვებით) და შუ-ჩიზქეიქი, თუ ჩიზქეიქ-შუ. ეს ნამცხვარი სპეციალურად თამუნას დაბ დღისთვის შევქმენი და ისე მომწონს, ლამის საავტორო უფლებებზე ვიფიქრო 😀

ჩემს Facebook ფრენდებს ემახსოვრებათ, რომ ტაილანდიდან  1 კილო მარაკუია ჩამოვიტანე და გავყინე. მარაკუია, იგივე Passion – fruit, ძალიან არომატული ხილია, რომელსაც აზიაში 2 კაპიკად იყიდი, თბილისის გუდვილში და კარფურში კი, რასაკვირველია, 2 ოქროს ზოდი ღირს. სამაგიეროდ, 10-12 ცალი მარაკუიასგან საკმაოდ ბევრი კრემი გამოდის. საქმე იმაშია, რომ ამ ხილს და შესაბამისად კრემსაც, ძალიან მკვეთრი გემო აქვს და სულ ცოტაც კი საკმარისია, რომ უბრალო ნამცხვარი საოცარ დესერტად გადაიქცეს.

10985238_10155248089640066_318600361829929999_n

დავუბრუნდეთ შუ-ჩიზქეიქს… ჩიზქეიქი ხო რაღაცნაირი ნამცხვარია…  ძალიან მიყვარს, მაგრამ ჩემთვის ზედმეტად მსუყეა. არ მინდოდა მარაკუიას კრემის შერევა,  იმიტომ რომ, სუფთა სახით, ჩიზქეიქი კულინარიული შედევრია, ისევე როგორც მარაკუიას კრემი (passion fruit curd). თანაც მინდოდა ჩიზქეიქი რაღაცით გამემსუბუქებინა.

უცებ, ორეოს ორცხობილით გაჯერებული ჩიზქეიქი გამახსენდა! ვიფიქრე, ნეტა რა მოხდება, ჩიზქეიქში, ღუმელში შედების წინ, კრემიანი შუები (რასაკვირველია მარაკუიას კრემიანი) რომ ჩავდო და ისე გამოვაცხო-თქო… დააა, შედეგად მივიღე საოცრება!

თუმცა დესერტების გაფორმებაში ისევე მოვიკოჭლებ როგორც ფოტოების გადაღებაში, ვფიქრობ, ეს დაბრეცილი ტორტი მაინც გადმოსცემს თავის სათქმელს…

11133714_10155393737755066_2224732321742697469_n

 შუ არასდროს გამიკეთებია. თავიდან ვიფიქრე მზა შუ მეყიდა და შიგთავსი მარაკუიას კრემით  შემეცვალა, მაგრამ გუდვილში შუ არ დამხვდა,  ამიტომ ჩემს ერთ ერთ საყვარელ ბლოგს, რატატუის მივმართე. გაეცანით  შუს მარტივ რეცეპტს . ბევრად უფრო ადვილია ვიდრე მეგონა.

მარაკუიას კრემი კი ასე  მზადდება

150 გრამი კარაქი

10-12 ცალი მარაკუიას გული

1 ჭიქა ყავისფერი შაქარი

4 კვერცხი

კარაქი, შაქარი და მარაკუიას წვენი ძალიან დაბალ ცეცხლზე გაალღვეთ. (ჩემი მარაკუია გაყინული იყო და ამიტომ მომიწია გალღვობა)

როცა კარაქი გალღვება სათითაოდ დაამატეთ 4 კვერცხი და მოურიეთ. დაახლოებით 3-4 წუთში მასა შესქელდება და უარომატულეს კრემად გადაიქცევა. კრემი 2 კვირა შეგიძლიათ მაცივარში შეინახოთ და სხვა დესერტებთანაც გამოიყენოთ. შუ-ჩიზქეიქისთვის თითქმის ნახევარი პორციაც საკმარისია.

Nწწjpg

შუ – ჩიზქეიქისთვის დაგჭირდებათ

1.5 კგ cream-cheese.

1.5 ჭიქა შაქარი

5 კვერცხი

1 ვანილის ჩხირი

1 ჭიქა ნაღები (33% იანი)

10 ცალი პატარა შუ სავსე მარაკუიას კრემით

ჩიზქეიქის ძირისთვის ნებისმიერი ფხვიერი ნამცხვარი  ან კექსი 700- 800 გრ.

500 გრ ნაღები + 3 სუფრის კოვზი შაქარი მოსართავად

5 კვერცხისგან გამომცხვარი ტორტის ბისკვიტი

დავიწყოთ ჩიზქეიქის ძირით. ტრადიციულ რეცეპტში გრეჰემ ქრექერს ან ნებისმიერი ფხვიერ ნამცხვარს იყენებენ, გამდნარ კარაქს ურევენ და წინასწარ აცხობენ. რადგან მინდოდა ჩიქეიქი გამემსუბუქებინა, კარაქი საერთოდ ამოვიღე და ხრაშუნა ორცხობილას მორჩენილი კექსი დავამატე. ასე ძირი უფრო ნაზი და ნაკლებად მსუყე გამოვიდა. დაფხვნილი კექსი და ხრაშუნა ორცხობილა ყალიბში ჩავდე და უბრალოდ დავტკეპნე. არავითარი კარაქი და არავითარი ცხობა.

კვერცხი, cream cheese, შაქარი და ვანილი 2-3 წუთის განმავლობაში მიქსერით ავთქვიფე და ყალიბში გადავიტანე. ნახევრად შევსებულ ჩიზქეიქში კრემიანი შუები  მოვათავსე და ბოლოს დარჩენილი ჩიზქეიქის მასით შევავსე.

WP_20150404_008

ნამცხვარი ღუმელში, 150 გრადუსზე, დაახლოებით 1.5 საათი ცხვებოდა. გაგრილებული შუ-ჩიზქეიქი მაცივარში მოვათავსე. საერთოდ მნიშვნელოვანია რომ ჩიზქეიქი 12 საათი მაინც მაცივარში ისვენებდეს.

მეორე დღეს ნამცხვარს თავზე მსუბუქი ტორტის ბისკვიტი დავადე, ათქვეფილი ნაღების კრემით, კარამელიზებული ქოქოსის ფანტელებით და გაყინული კენკრით მოვრთე.

ჭრილში ნამცხვარი ასე გამოიყურებოდა…

New Image

შეიძლება შუ-ჩიზქეიქი ყოველ შაბათ-კვირას ვერ გამოაცხოთ, თუმცა აუცილებლად სინჯეთ  ძვირფასი ადამიანებისთვის და განსაკუთრებულ დღეს, იმიტომ რომ ეს ნამცხვარი მართლაც განსაკუთრებულია!

2015 - 1

ტიროლური კექსი <3

არ ვიცი რას უფრო ვერ მაპატიებთ… იმას რომ საშინელ ფოტოებს ვიღებ, თუ იმას რომ ტიროლური კექსი არ “გაგასინჯოთ”, იმიტომ რომ საშინელ ფოტოებს ვიღებ:)))

ეს კექსი პირველად 4 წლის წინ აღმოვაჩინე და აღფრთოვანებულმა მაშინვე გამოვაცხვე, გულის ფორმებად დავჭერი და ლექციაზე წავუღე ილიაუნიში, ჩემს პატარა ჯგუფს, რომელსაც პროექტის მართვას ვასწავლიდი. რა თქმა უნდა ლექციის თემას დავუკავშირე, რომ ეს ექსცენტრული ნაბიჯი როგორღაც გამემართლებინა 😀

ეხლა გამახსენდა, რომ  ერთხელ, ერთ ერთმა სპიკერმა, უნივერსიტეტში ბელგიური ვაფლი მოგვიტანა  და სიამოვნებით ვახრამუნებდით, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ იმ ვაფლის გარდა, ჯეინ ბარეტისგან არაფერი დამრჩენია.

რატომ მინდა ამ კექსზე ახლა გიამბოთ და არა მაშინ (იმედია ოდესმე), როცა ვისწავლი კარგი ფოტოების გადაღებას, ყველაფერს ფართხაფურთხით არ გავაკეთებ და პროექტის თითოეულ მაილსთოუნს შესანიშნავი ფოტოებით აღვბეჭდავ.ტიროლური კექსი მარტის ნამცხვარია. მოგვიანებით, როცა  მარწყვი, ჟოლო და ალუბალი შემოდის, ტიროლურ კექსი ისევე გავიწყდება, როგორც ივლისში გოზინაყი. არადა რა კარგია ?!…

ბოლობოლო, რა არის ასეთი განსაკუთრებული ამ ნამცხვარში?! ერთი შეხედვით უბრალო ნიგვზიანი კექსია, რომელსაც სუულ ოდნავ დაკრავს დარიჩინის, მიხაკის და მუსკატის კაკლის არომატი. მაგრამ არა! ტიროლური კექსის საიდუმლო ინგრედიენტი გახეხილი შავი შოკოლადია. თითქოს არაფერი, მაგრამ დიდი განსხვავება! თან რაღაცნაირად, შოკოლადი არ ლღვება და ცომს არ ერევა. ნაზი არომატები, გახეხილი შოკოლადის და ნიგვზის კომბინაცია. თავის შეკავება შეუძლებელია!

ტიროლური კექსისთვის დაგჭირდებათ:

  • 3 კვერცხი
  • 125 გრ კარაქი
  • 125 გრ ყავისფერი შაქარი (ან ჩვეულებრივი)
  • 150 გრ რძე
  • მარილი
  • გამაფხვიერებელი
  • 250 გრ ფქვილი
  • 100 გრ უხეშად დაცეხვილი ან დაბლენდერებული ნიგოზი
  • 120 გრ მსხვილ სახეხზე გახეხილი შავი შოკოლადი
  • კარგი ხარისხის ვანილი
  • 1 ცალი  მიხაკის თავი (ცხადია ყვავილ მიხაკს არ ვგულისხმობ)

1/2 ჩაის კოვზი დარიჩინი

3 დახეხვა მუსკატის კაკალი

კარაქი ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ 1-2 საათი და შემდეგ გათქვიფეთ შაქართან, და სხვა სუნელებთან ერთად. დაამატეთ კვერცხი და რძე, გამაფხვიერებელი, მარილი და ფქვილი. ყველაფერი გარდა ნიგვზისა და შოკოლადისა. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ნიგოზი და შოკოლადი არ იყოს ძალიან წვრილად დაფრქვილი და შოკოლადი ყველაზე ბოლოს შეერიოს ცომს.

მზა ცომი ცხიმმოსმულ და ფქვილმოყრილ ყალიბში გადაიტანეთ და 220 გრადუსზე გამოაცხვეთ.

პ.ს. ცხობისას სახლში, ეზოში, ქუჩაში საოცარი არომატი დატრიალდება და თქვენს კარს მოადგებიან მეზობლები, მეგობრები, ნათესავები და მივიწყებული ნაცნობები.

ტიროლური კექსი

საყვარელი ისპანახის ღვეზელი

რატომ არის ეს ღვეზელი საყვარელი? იმიტომ, ძალიან მარტივია, სულ რაღაც 20 წუთში მზადდება, თუმცა აღფრთოვანება და შეძახილები არ წყდება 2-3 დღე! :)) (ცოტას ვაზვიადებ)

ეს ღვეზელი მოსწონს ყველას. მას, ვისაც ისპანახი მარტო ნიგვზით და სუნელებით წარმოუდგენია და მასაც, ვისთვისაც ისპანახი არის მწვანე გაუგებრობა და ჩალის გემო აქვს.

ღვეზელისთვის მზა ფენოვან ცომს ვიყენებ. ისპანახის ხარშვა და წურვა ძალიან მეზარება. ხახვიც შეიძლება ბლენდერში დაიჭრას… მოკლედ მოუცლელებისთვის (ზარმაცებისთვის) ზედგამოჭრილია.

first_blog_image

თქვენ დაგჭირდებათ:

  • მზა ფენოვანი ცომი 1 შეკვრა
  • 400 გრ ისპანახის ფოთლები
  • 1 კონა მწვანე ხახვი
  • 1 შეკვრა (250გრ) ნაღები 20% ცხიმის შემცველობით
  • 250 გრ გაუდა ან რომელიმე მაღალცხიმიანი ევროპული ყველი
  • ზეთი 3 სუფრის კოვზი
  • 2 კვერცხი
  • მარილი
  • ნიორი
  • შავი წიწაკა
  • მუსკატის კაკალი
  • წყალი

ასევე იქონიეთ:

  • მაფინის ყალიბი
  • ცოტა ფქვილი ცომისთვის
  • ცომის საბრტყელებელი ჯოხი
  • საბრტყელებელი დაფა
  • სახეხი ყველისთვის
  • ჯამი ღვეზელის შიგთავსის მოსამზადებლად
  • ქვაბი ისპანახის მოსახარშად

დაფაზე მსუბუქად მოაბნიეთ ფქვილი და გამლღვალი ფენოვანი ცომი საბრტყელებლით ოდნავ გაშალეთ. ჩემი ყალიბი 12 მაფინიანია. ამიტომ ცომს 12 ნაჭრად ვჭრი და ყალიბში ვდებ.

ქვაბში ან ღრმა ტაფაში ნახევარი ჭიქა წყალი ჩაასხით და ნახევარი ჩაის კოვზი მარილი ჩაყარეთ. დააყარეთ დაჭრილი ისპანახი და 5-7 წუთი მაღალ ცეცხლზე მოშუშეთ. შიგადაშიგ კოვზით დატკეპნეთ. ასე მომზადებულს გაწურვა აღარ სჭირდება.

მწვანე ხახვი ზეთში მოშუშეთ. დაამატეთ ნიორი, ისპანახი, მუსკატის კაკალი, შავი წიწაკა, მარილი, ნაღებში გათქვეფილი კვერცხი და 100 გრამი ყველი.

ეს მასა სუფრის კოვზით მაფინის ფორმებში გადაიტანეთ. თითოეულს ზემოდან გახეხილი ყველი მოაყარეთ. ღუმელში 200 გრადუსზე გამოაცხვეთ. დაახლოებით 15 წუთში მზადაა. გემრიელია ცხელი, თბილი, ცივი. მეორე დღესაც. თუ დარჩა…

first_blog_image2