ჯადოსნური კარამელის ნაყინი

ნაყინისთვის ინსპირაციას ვეძებდი და National Geographic – ის სტატიას წავაწყდი მსოფლიოს საუკეთესო ნაყინებზე. ვისაც სტანდარტული ვანილის, მარწყვის და შოკოლადის ნაყინი მოგბეზრებიათ, ბუენოს-აირესში შეგიძლიათ ლიმნის და შამპანურის ნაყინით დატკბეთ, იამაიკაზე ლუდის, ტოკიოში კი გველთევზას ნაყინი გასინჯოთო.

სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ვეძებ კარგ სანაყინეს. ვსინჯავ ადგილობრივი პოპულარული გემოების კომბინაციას და მოგვიანებით, როცა ნოსტალგია შემომაწვება, მოგზაურობისას გასინჯული გემოს იმიტაციას ვცდილობ.  ბოლოს ბანკოკში აი ამ საოცრებას წავაწყდი.

20150223_181650საზამთრო და კივი, მაჩას ჩაი, მარწყვი და მანგო, თეთრი შოკოლადი და მოცვი. ტაილანდში ნაყინი ზომიერად ტკბილი მაგრამ საკმაოდ მსუყეა. აქ რძის პროდუქტებს მარტო მომავალი თაობა აღიარებს, სამაგიეროდ ქოქოსის ნაღები უხვად გამოიყენება. ერთი სული მაქვს როდის შემოვა საზამთრო, რომ ტაი არომატებით ინსპირირებული საზამთროს და ნესვის ნაყინი გავაკეთო.

20150223_181450_3უნდა ვაღიარო, რომ ერთ ერთი ყველაზე ჯადოსნური ნაყინი, რაც კი ოდესმე გამისინჯავს ფიჭის ნაყინია. ფიჭამ არ შეგაშინოთ, ამ ნაყინში ნამდვილი ფიჭა კი არ გამოიყენება, არამედ ერთგვარი კარამელი, რომელიც ძალიან მარტივად, სულ რამოდენიმე წუთში მზადდება. ბრიტანეთის ერთ ერთი საყვარელი ნაყინი,  Honeycomb Ice-cream, ჩემს სტუდენტურ სტრესებთან გამკლავების ერთ ერთი საყვარელი მიზეზი იყო და ზუსტად ვიცი, ძალიან მოგეწონებათ!

ჯადოსნური კარამელის ნაყინისთვის დაგჭირდებათ:

1ჭიქა შაქარი

2 სუფრის კოვზი თაფლი

მწიკვი მარილი (არ დაიშუროთ)

1/2 კოვზი ყავა

1/2 კოვზი სოდა

1 კოვზი ნატურალური ვანილის ექსტრაქტი ან მწიკვი ვანილინი (არ მინდა ხელოვნური ვანილის გამოყენებისკენ გიბიძგოთ, თუმცა სხვა გზა არ მაქვს, რადგან მეშინია ნატურალური ვანილის უქონლობამ, ამ საოცარი დესერტის გაკეთება გადაგაფიქრებინოთ :)))

1 ლიტრი ნაღები (მინ. 33% ცხიმის შემცველობით)

1/2 ქილა შესქელებული რძე

რადგან ბევრი ინგრედიენტი საქართველოში ჯერაც მიუწვდომელია, ამიტომ იმპროვიზაციას მივმართე და გოლდენ სიროფი თაფლით ჩავანაცვლე. ასევე, გადავწყვიტე კარამელში ცოტაოდენი ყავის დამატება და სხვათაშორის ძალიან კარგადაც მოვიქეცი! 😀

შაქარი, ყავა და თაფლი ქვაბში მოვათავსე, კარგად ავურიე და საშუალო ცეცხლზე შემოვდგი. ზოგ რეცეპტში კატეგორიულად აკრძალულია მორევა, თუმცა მე, როგორც წესების დარღვევის მოყვარულმა, ხშირად გამოვიყენე ჩემი ხის კოვზი და ამით არაფერი დაშავებულა.

დაახლოებით 5 წუთში შაქარი გალღვა და კარამელმა მუქი ფერი მიიღო (ნაწილობრივ ყავის გამოც). მასას მარილი, ვანილი და 1/2 კოვზი საჭმელი სოდა დავამატე და მოვურიე. კარამელი წამებში აფუვდა. ქვაბი გადმოვდგი და სწრაფად გადავიტანე ცხელი მასა საცხობ ქაღალდზე. დაახლოებით 1 საათში გაციებული მასა დავტეხე და კონტეინერში გადავიტანე

New Imageკარამელის მომზადება ერთი დღით ადრეც შეგიძლიათ, თუმცა მისი შენახვა მაცივარში არ შეიძლება. არ ვიცი გოლდენ სიროფის თაფლით ჩანაცვლების, თუ  სოდის შემცირებული დოზის გამო, კარამელი ისე არ გაფუვდა როგორც BBC -ს რეცეპტშია ნაჩვენები, თუმცა გემო არაჩვეულებრივი ჰქონდა და ნაყინში თავისი ფუნქცია 10 იანზე შეასრულა. საქმე იმაშია, რომ მოგვიანებით, ნაყინში, დამსხვეული კარამელი ისედაც დნება და გადაიქცევა უსასრულოდ გემრიელ მასად, რომელიც ჯადოსნურად ეხამება ნაღების ნაყინს.

აქვე ნაღების ნაყინის უმარტივეს რეცეპტსაც გაგაცნობთ. 1 ლიტრი ცივი ნაღები ათქვიფეთ და ნაღების ღრუბლების ქაფს ფრთხილად შეურიეთ 1/2 ქილა შესქელებული რძე და ვანილი. სულ ეს არის. ეს ნაყინი მსუყე და გემრიელია. არ საჭიროებს აპარატს, არ იკეთებს ყინულის კრისტალებს, მოკლედ ბავშვობის ნაყინის გემო აქვს.

ნაყინის მასა ჯამში გადავიტანე, კარამელი დავტეხე და დაფხვენი. მსუბუქად ავურიეთ კოვზით და საყინულეში  დაახლოებით 4-5 საათით შევდგი. აი ასეთი გამოვიდა ❤

ნაყინიმართლაც ჯადოსნური ნაყინია. კარამელის სიტკბოს ნაზად ანეიტრალებს მარილი. ყავის და თაფლის არომატიც იდეალურად ეხამება ერთმანეთს და ნაღების ნაყინს. სიყვარული პირველივე კოვზიდან გარდაუვალია….

ცაც1

2 thoughts on “ჯადოსნური კარამელის ნაყინი

  1. ნინ,ისე გემრიელად წერ რომ ლამისაა ავდგე და ღამის 12 საათზე ამ ნაყინის მომზადება დავიწყო :)))

    Like

დატოვე კომენტარი